მჯერა თქვენი მაღალი კომპეტენტურობით, აკადემიურობით, ადამიანობით, ერთგულებით, პატრიოტიზმით პირნათლად შეასრულებთ მოვალეობას - რიმა ბერაძე ირაკლი კობახიძეს

რიმა ბერაძე

„მჯერა, რომ თქვენი მაღალი კომპეტენტურობით, აკადემიურობით, ადამიანობით, ერთგულებით, პატრიოტიზმით პირნათლად შეასრულებთ იმ მოვალეობას, რომელსაც ელოდება საქართველოს მოსახლეობა“, - მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს.

რიმა ბერაძემ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა  მნიშვნელოვანი აქცენტებისათვის და  ყურადღება იმ საკითხზე გაამახვილა, რომელთა გადაჭრა მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.  მან იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან მათზე რეაგირება იქნება.

„ძალიან მძიმე სიტუაციაა ფსიქოტროპულ აფთიაქებთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირ საჯარო სკოლების გვერდით უნებართვოდ იხსნება, ამის უამრავი შემთხვევა არსებობს და სრულიად მარტივად შესაძლებელია ახალგაზრდების მიერ ნებისმიერი მედიკამენტის შეძენა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან დიდი მუშაობა გავწიეთ და ბევრი ნაბიჯიც გადაიდგა მთავრობის მიერ, მაინც არასახარბიელო მდგომარეობაა ღამის კლუბებთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ქვეყნისათვის, ვინაიდან ამ კლუბებში სავსებით შესაძლებელია ნარკოტიკებზე ხელმისაწვდომობა იმ დოზირებით, რაც ხშირად ფატალურ შემთხვევებს იწვევს. ჩემი და მოქალაქეების, განსაკუთრებით მშობლების თხოვნაა, რომ მთავრობამ, თქვენი ხელმძღვანელობით, ამ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს“, - განაცხადა  რიმა ბერაძემ.