მარიამ ქვრივიშვილი: ხელშესახებად დავინახავთ, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, როგორ გაუმჯობესდება რეგიონების და თითოეული ქალაქის იერსახე

მარიამ ქვრივიშვილი

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების რეგულაციის შესახებ, დარწმუნებული ვართ, წლიდან წლამდე ხელშესახებად დავინახავთ, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, როგორ გაუმჯობესდება რეგიონების და თითოეული ქალაქის იერსახე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, ზურაბ წიკლაურმა შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის პრეზენტაცია წარადგინა.

მარიამ ქვრივიშვილთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ასევე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

მარიამ ქვრივიშვილმა დარგის წარმომადგენლებს, არქიტექტორებს, სახელოვნებო წრეებს, მშენებლებსა და მწარმოებელ-რითეილერებს მადლობა გადაუხადა ინიციატივაში აქტიური ჩართულობისა და გრძელვადიანი, ნაყოფიერი სამუშაო პროცესისთვის. მისი შეფასებით, სასიხარულოა, რომ კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ხედვა ამ ნაწილში ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ⁠აქტიურად გაგრძელდება ყველა რეგიონის დეტალური კვლევა და სექტორთან მჭიდრო კომუნიკაცია.

„ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა და დღევანდელი პრეზენტაციაც, ფაქტობრივად, სრულად ასახავს კერძო სექტორის უკუკავშირს არსებულ შესაძლებლობებთან. გვსურს, ერთობლივად ვიმსჯელოთ ასევე ამ რეგულაციის სავალდებულოდ ამოქმედების ვადებზეც იმისთვის, რომ თუ ბაზარზე არსებობს წინსწრებით შეძენილი მასალა, რომელიც სტანდარტული პროექტების ჩამონათვალში აღარ მოხვდება, სექტორს მივცეთ მისი მაქსიმალური რეალიზაციის საშუალება“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ესთეტიკური მახასიათებლების დადგენისთვის აუცილებელი წესები განისაზღვრება, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებისთვის სახელმძღვანელოს შექმნას და ადგილობრივ თვითმმართველობებს ესთეტიკური მახასიათებლების საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით დაზუსტების საშუალებას მისცემს. ინიციატივა ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ჰარმონიული და ესთეტიკურად მიმზიდველი ურბანული გარემოს ჩამოყალიბებას.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.