1765291370
მარიამ ლაშხი: პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო იქნება
პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო იქნება. ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც ბიუჯეტზე დადებითად აისახა, შესაძლებელი გახადა სწავლის დაფინანსების ეს უპრეცედენტო პროგრამა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს.
მარიამ ლაშხის განცხადებით, ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა თუ სოციალური მდგომარეობისა, შესაძლებლობა ექნება ხარისხიანი უმაღლესი განათლება სრული სახელმწიფო დაფინანსებით მიიღოს. მისივე თქმით, სწორედ ეს არის სოციალური სამართლიანობის რეალური განხორციელება და კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფა.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რეფორმის მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა ის იქნება, რომ კვალიფიკაციების იდენტიფიცირება ქვეყნის რეალური საჭიროების მიხედვით განხორციელდება.
„დასრულდება დაუსაქმებელი დიპლომიანი სტუდენტების ეპოქა. დაფინანსდება დეფიციტური სპეციალობები, რომლებიც დასაქმებას და ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფენ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია, იმის ნაცვლად, რომ განათლების სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებას შეუერთდეს, არასწორი ინტერპრეტაციის გავრცელებით არის დაკავებული.
„ეს ანტიეროვნული პოზიციაა. გელათის აკადემიის ტრადიციის მქონე ქუთაისზე, უმთავრეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულ კერაზეც კი დაისვა კითხვა, რატომ უნდა გახდეს მეორე საუნივერსიტეტო ქალაქიო. ჩემი რეკომენდაციაა, გახდეთ ამ ისტორიული რეფორმის ნაწილი და არ შეუშინდეთ ფსევდო ლიბერალებისა თუ „ნაცების“ ბულინგს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.










