მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: მათ მხარეს მყოფებს მოვუწოდებ, ჩვენი ამომრჩევლები მშვენივრად ხვდებიან, ღირსეულად იქცევიან - კიდევ ვერ ხვდებით, რაშია საქმე?! კიდევ გგონიათ, რომ გახარია „ნაცი“ არ არის, რომ ამ ხალხს ევროპა აინტერესებს?!

მამუკა მდინარაძე

ქართული საზოგადოება გახლიჩეს, დაყვეს, სიძულვილი ქცევის წესად, ფაშიზმი და მისი პრინციპები პრინციპებად გაიხადეს, - განაცხადა რადიკალებზე საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მან ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაფასა და რადიკალური ოპოზიციის მომხრე მოქალაქეებს მიმართა.

„ხალხს მოვუწოდებ, მათ მხარეს მყოფებს, თორემ, ჩვენი ამომრჩევლები მშვენივრად ხვდებიან ყველაფერს და ღირსეულად იქცევიან, რომ გვიჯერებენ, არაფერს შვრებიან - იმხელა ემოციაა დაგროვილი მათში, ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ მათ მომხრეებსაც მივმართავ - კიდევ ვერ ხვდებით, რაშია საქმე?! კიდევ გგონიათ, რომ მაგალითად, გახარია „ნაცი“ არ არის; მაგალითად, ამ ხალხს ევროპა აინტერესებს?! იმას რომ იხვეწებიან, ვიღაცამ ან სანქცია დაუწესოს, ან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე ვინმემ საუბარი დაიწყოს, რომ იქნებ, ამით რაიმე მოვახერხოთო; წერილებსა და ე.წ. დანოესებს რომ აგზავნიან ბრიუსელში, ეს ხალხია სამშობლოს მოყვარული?! ვინც ყველა ეტაპი გაიარა, მათ შორის დიდი გაჭირვებით - ამ ყველაფრის აღიარება სჯობია, დიდი შრომით, წვალებით, ბრძოლით და კანდიდატი ქვეყანა ვართ, ხომ არ გავიწყდებათ! საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა კრიტერიუმით პირველ ადგილზე მყოფი! მოლდოვას არ ეუბნებიან არაფერს, კორუფციაში იხრჩობა და რომ ჩახვალ, 90-იანი წლების ან საბჭოთა დროს რომ საქართველო იყო ზუსტად იმ მდგომარეობაშია - დსთ-ს წევრია, მას აქებენ ადიდებენ, საქართველოს კი ლანძღავენ“, - განაცხადა მდინარაძემ.