მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონის სტაბილურობისთვის, გავაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშორისო არენაზე

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა, მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე რეგიონის კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველო და სომხეთი წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა ფორმატებში და საერთაშორისო არენაზე ეს მუშაობა გაგრძელდება.

„არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში. მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა, მიიღეთ ჩემი მოწვევა და ეწვიეთ საქართველოს. ჩემთვის გულწრფელად სასიამოვნო და დიდი პატივია ერევანში თქვენი გულთბილი მიღების საპასუხოდ გიმასპინძლოთ საქართველოში.

საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ურთიერთპატივისცემის დიდ ისტორიას და ჩვენს ხალხებს შორის მყარ მეგობრობას ეფუძნება. სწორედ ამიტომაც სტრატეგიული პარტნიორობა, რომელი 2024 წლიდან გამყარდა ჩენს ქვეყნებს შორის, არის სრულიად ლოგიკური შედეგი ამ ძირძველი ურთიერთობების. 2025 წელი იყო საკმაოდ დინამიკური ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, არაერთი ვიზიტი განხორციელდა, მათ შორის უმაღლესი დონის ვიზიტები. არაერთხელ ვეწვიე ერევანს, ასევე არაერთხელ ვუმასპინძლეთ ჩვენი მეგობარი ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოში. სულ ახლახან „თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმზე“ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სომხეთის დელეგაცია იმყოფებოდა. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ამ დინამიკის გაგრძელება. ასევე უახლოეს მომავალში ველოდებით პრეზიდენტის ვიზიტს. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი ხალხის მეგობრობა, ჩვენი ქვეყნების კავშირები სრულად არის ასახული პოლიტიკური დიალოგის ინტენსივობაში.

დინამიკურად ვითარდება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კულტურის, განათლების თუ სხვა სფეროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისი სამინისტროები წარმატებით მუშაობენ ჩვენი ურთიერთობების საუკეთესოდ რეალიზებისთვის.

ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ამ თანამშრომლობის მიმართულებებზე, პრიორიტეტებზე, სამომავლო ნაბიჯებზე, თანამშრომლობის საკითხებზე. გვქონდა ასევე საუბარი ჩვენი რეგიონის შესახებ. საქართველო მიესალმება 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას. ეს ისტორიული შეთანხმება ნამდვილად წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ ნაბიჯს და გზას უხსნის რეგიონის გრძელვადიანი სტაბილური განვითარების შესაძლებლობებს. საქართველო ყოველთვის ერთგულად ასრულებდა მნიშვნელოვან როლს რეგიონის განვითარებაში, მის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაში და კვლავაც გააგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში. ამ კონტექსტში, მსურს, აღვნიშნო, რომ წელს თბილისში პირველად გაიმართა სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი შეხვედრა, რომლის მიზანიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის საფუძვლის ჩაყრა გახლდათ. მედი მაქვს, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და მნიშვნელოვან შედეგებს მოუტანს სამივე ქვეყანას და მთლიანად რეგიონს.

სომხეთი არის საქართველოს სუვერენიტეტის  და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი, ეს აისახება საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ქვეყნები წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა ფორმატებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და გავაგრძელებთ ამ ურთიერთსასარგებლო მუშაობას საერთაშორისო არენაზე.

ჩვენ შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონული და გლობალური მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე მიმოვიხილეთ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა, საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა, მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე უფრო ფართე რეგიონის კეთილდღეობისთვის და სტაბილურობისთვის. დასასრულს, მინდა, კვლავ მადლობა გადაგიხადოთ თბილისში ვიზიტისთვის, ბუნებრივია, ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა გაგრძელდება ისე,როგორც შეეფერება  ჩვენი ქვეყნების ისტორიულ ისტორიას, სამაგალითო ურთიერთობებს და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.