მადლობა საპარლამენტო გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის - ჩვენ დეტალური ანგარიში წარვუდგინეთ პარლამენტს, რაც დიდი პასუხისმგებლობის მაჩვენებელია, რადგან რიცხვებში კონკრეტული დაპირებები შევთავაზეთ საზოგადოებას - ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

მადლობა საპარლამენტო გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის - ჩვენ დეტალური ანგარიში წარვუდგინეთ პარლამენტს, რაც ვფიქრობ დიდი პასუხისმგებლობის მაჩვენებელია, რადგან ჩვენ რიცხვებში კონკრეტული დაპირებები შევთავაზეთ საზოგადოებას,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენ ძალიან დეტალური საარჩევნო გეგმა წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას, რომელიც იყო საფუძველი იმ სამთავრობო გეგმის, რომელიც დღეს პრემიერმა წარუდგინა საზოგადოებას და რასაც ნდობა გამოუცხადა პარლამენტმა. მათ შორის მნიშვნელოვანი ნაწილია ეკონომიკური განვითარების მომავალი 4 წლის ხედვა და ძალიან დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეალურ ტრანსფორმაციას გულისხმობს 2028 წლისთვის. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ძალიან დეტალური და მკაფიოდ განსაზღვრული გეგმა დიდი პასუხისმგებლობის მაჩვენებელია, იმიტომ, რომ ჩვენ რიცხვებში, ძალიან კონკრეტული დაპირებები შევთავაზეთ ჩვენს საზოგადოებას, რომელიც რა თქმა უნდა, გულისხმობს სიღარიბის მნიშვნელოვნად შემცირებას, 200 000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს. ეს გულისხმობ მშპ-ის ზრდას და მის მიხედვით საქართველოს მაღალშემოსავლიან ქვეყანათა კატეგორიაში გადასვლის პერსპექტივას და ბევრ სხვა სამიზნე მაჩვენებს, რომელიც მიღწეული იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებით“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს ოპოზიციის ნარატივზე, რომ საქართველოს არაკონსტიტუციური მთავრობა ეყოლება.

„კონსტიტუცია ცალსახად და მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ პარლამენტი იკრიბება და მთავრობას ნდობას უცხადებს შემაჯამებელი ოქმის მიღებიდან კონკრეტულ ვადაში. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სარჩელს, ამაზე იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო და ნებისმიერ დროს მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. სასამართლო მსჯელობს და ეს გადაწყვეტილა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ამიტომ დაველოდოთ შედეგს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.