ლევან სანიკიძე: მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს რუსთავის ციხეში, ოღონდ, არავის ეგონოს, რომ ის აქამდე რაღაც კურორტზე ისვენებდა. საპატიმრო დაწესებულებაში იყო

ლევან სანიკიძე

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებისთვისაც არ იყო ცნობილი.

როგორც "ღამის კურიერის" ეთერში ლევან სანიკიძემ აღნიშნა, ეს სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება.

"პარტიის წევრებისთვის კი არა, ოჯახის წევრებისთვისაც არაფერი არ იყო ცნობილი. არც ადვოკატებს არ ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს არის სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც აღასრულა პენიტენციურმა დაწესებულებამ და სამსახურმა. მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს რუსთავის ციხეში, ოღონდ, არავის არ ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილი აქამდე რაღაც კურორტზე ისვენებდა. საპატიმრო დაწესებულებაში იყო, უბრალოდ გადიოდა იმ სახის მკურნალობას, რასაც სხვა პატიმრებიც გადიან. გამონაკლისი არ იყო მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ, ამავე დროს, უნდა აღვნიშნოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა არის დამატებით გამწვავება ვითარების. ივანიშვილმა რუსთავის ციხე აავსო პოლიტიკური პატიმრებით და პოლიტიკური ლიდერებით, რაც შეუძლებელია დასრულებულიყო იმ გვირგვინის დადგმით, რასაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის იმ ციხეში გადაყვანა ჰქვია.

მოლოდინი როგორ არ არსებობდა. ნამუსზე ხელაღებული ხალხი ოხრად არის ოპოზიციის ნაწილშიც, ვინც ამას ამბობდა, რომ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში", - აცხადებს ლევან სანიკიძე.