1765291370
ლევან მახაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე: დიდმა ბრიტანეთმა უნდა გააკეთოს მკაფიო განმარტებები - ეს არის ელჩის თვითგანცხადებები თუ ეს არის ჰიბრიდული პროცესის კიდევ ერთი ტალღა საქართველოს წინააღმდეგ
გასული თვეების განმავლობაში დავინახეთ დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან არაერთი დეზინფორმაცია, არაერთი მანიპულაცია და მცდელობა საქართველოს ხელისუფლების შანტაჟის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში არაერთი დეზინფორმაციის კვალი დიდ ბრიტანეთამდე მიდის.
„ბოლო წერტილი იყო „ბიბისის“ სიუჟეტი, ე.წ. დოკუმენტური ფილმი, 5-6 დღიანი ჩვეულებრივი სიყალბე, იმდენად მდარე ტყუილი, რომ ყველა ჩვენგანს გაგვიჩნდა არაერთი კითხვის ნიშანი, რომ ეს ხომ არ არის ორკესტრირებული, ჰიბრიდული შეტევა საქართველოზე. ამიტომაც ვთქვი, რომ ყველა მსხვილი, დეზინფორმაციული კამპანიის წყარო და საბოლოო კვალი ბოლო პერიოდში მიდიოდა ლონდონში. დიდი ბრიტანეთის ელჩის განაცხადიც ღიმილის მომგვრელია.
დიდ ბრიტანეთს დიდი ტრადიციები, დიდი კულტურა და დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვს და ნამდვილად გასაკვირია ელჩის განცხადება. ასეთი სახელმწიფოსგან ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი მოთხოვნა, ვიდრე სხვა რომელიმე ევროპული სახელმწიფოსგან, რომ მაქსიმალურად დაიცვან დიპლომატიური ეტიკეტი, თავი შეიკავონ შიდა საქმეებში ჩარევისა და ასეთი ტყუილების გავრცელებისგან.
მთავარი არის ის, რომ არაერთი კითხვის ნიშანი, არაერთი კვალი დეზინფორმაციული ნარატივის ლონდონისკენ წავიდა და აუცილებელია დიდმა ბრიტანეთმა გააკეთოს მკაფიო განმარტებები - ეს არის ელჩის თვითგანცხადებები თუ ეს არის ჰიბრიდული პროცესის კიდევ ერთი ტალღა საქართველოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა
მახაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ყველა დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველო ყოველთვის სიმართლით უპასუხებს.
ბრიტანეთის საელჩო ელჩის სტუდენტებთან შეხვედრის და ამ შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ნათქვამია, რომ გარეტ უორდიმ სხვა თემებთან ერთად, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განიხილა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ააღნიშნული, ელჩმა თქვა, რომ პოლიტიკური ურთიერთობა დაზიანებულია, რადგან საქართველოში არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.










