ხელისუფლების ცვლილება და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება - აქციის მონაწილეებმა მოთხოვნები დაასახელეს

სახალხო მოძრაობა

„სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეკრებილებს მოთხოვნები და სამომავლო გეგმები გააცნო.

როგორც შოთა დიღმელაშვილმა აღნიშნა, მთავრობას გადადგომისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ.

„აქ შეკრებილი ხალხი ნათლად ამტკიცებს, სად არის დეპოლარიზაცია და სად არის პრობლემა. სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოგიდგენთ მოთხოვნას, ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, ქართველი ხალხის დათქმა, პირობა, რაც გინდათ, ის დაარქვით, ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმა – გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციაში მოცემულ 12-ვე პუნქტს შეასრულებს, ვიდრე ზამთარი მოვა.

ჩვენ ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას, ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა, რათა გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობაც, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება, თუ პირადად ბიძინა ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ. მანამდე, ჩვენ მივალთ ყველასთან, თქვენ მიხვალთ ყველასთან, ყველა უბანში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში სამ ივლისამდე ჩვენ ვივლით და და ვარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს გზა. ჩვენ ერთად ავირჩევთ საქართველოს ხსნის გზას ოლიგარქის გარეშე. სამ ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან, შევუერთებთ ერთმანეთს ნაკადებს და ავზვირთდებით თბილისში, პარლამენტის წინ და დავრჩებით აქ, არ დავიშლებით ვიდრე არ დაიშლება ოლიგარქია“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.