კახა კალაძე: 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებმა აღიარეს ის, რაც საზოგადოებამ ისედაც დაინახა, ადგილი ჰქონდა ძალადობას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს

კახა კალაძე

4 ოქტომბერს რა პროცესები მიდიოდა და რევოლუციის მოწყობას რომ გეგმავდნენ, ეს ყველამ კარგად დაინახა, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული რვა პირის საპროცესო შეთანხმების გაფორმების ფაქტს.

როგორც მან დღეს მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულებმა აღიარეს ის, რაც ისედაც ცხადი იყო, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.

„ყველამ ნათლად დავინახეთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა. თვეების განმავლოობაში გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია, სახელმწიფო გადატრიალებასთან და რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით. ამაზე ღიად საუბრობდნენ, სატელევიზიო ეთერებში მოწოდებებს აკეთებდნენ. შემდეგ კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგეს, დაიწყეს მოქმედება. შესაბამისმა სამსახურებმა დროულად იმოქმედეს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს და კონკრეტული პირები დააკავეს. ისინი აღიარებენ, რომ ეს იყო ძალადობა და ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. საზოგადოებამაც იხილა აღნიშნული კადრები და ისედაც ყველაფერი ცხადია“, – განაცხადა კახა კალაძემ.