1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში დისკუსია თემაზე: „ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა: მიმოხილვა და სტრატეგიული ხედვა“ გაიმართა.
შეხვედრაზე ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიმოხილვა და სტრატეგიული ხედვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა წარადგინეს, რომლებმაც შეისწავლეს სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა და მახასიათებლები და ამ მიმართულებით არსებული სიტუაცია გაანალიზეს.
ექსპერტებმა კომიტეტის წევრებს მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნეს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, პროგრამა აქტიურად ხორციელდება როგორც სამინისტროს, ასევე პარლამენტის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართულობით.
„ამ პერიოდის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი, მათ შორის, ალბათ პირველი და უმთავრესი არის 2017 წელს მიღებული კანონი თამბაქოს წინააღმდეგ, რომელიც ყოველწლიურად იხვეწება და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ იმ ფორმას მიიღებს, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის და, ზოგადად, მსოფლიოსთვის. აღსანიშნავია, პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული კანონიც უსაფრთხო სისხლის შესახებ, რომელიც ჰარმონიზაციაშია ევროკავშირის კანონთან. ასევე შევიმუშავეთ არაგადამდები დაავადებების სტრატეგია, დამტკიცების სტადიაშია მარილის მოხმარების შემცირების სტრატეგია“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამისადმი კომიტეტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ამის გარეშე რთული იქნებოდა იმ ამოცანების მიღწევა, რომლებიც პროგრამის ფარგლებშია დაგეგმილი.
მინისტრის პირველმა მოადგილის თქმით, ეფექტური ჯანმრთელობის ხელშეწყობის განხორციელებისთვის სახელმწიფოს მხრიდან საკმარისი რესურსია გამოყოფილი.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციები
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მაღალ დონეზე განხორციელებას ნამდვილად დაეხმარება.
შეხვედრას კომიტეტის წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.