იცით, რა შეიძლება იყოს რუსული ოპერაცია? ამ ქვეყანაში პოლიტიკის მოკვლისთვის ხელის შეწყობა. ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში პოლიტიკის მოკვლას და დასრულებას უწყობს ხელს, არის რუსული ოპერაცია - გრიგოლ გეგელია

გრიგოლ გეგელია

იცით, რა შეიძლება იყოს რუსული ოპერაცია? ამ ქვეყანაში პოლიტიკის მოკვლისთვის ხელის შეწყობა, ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში პოლიტიკის მოკვლას და დასრულებას უწყობს ხელს, არის რუსული ოპერაცია - ამის შესახებ პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ ბოიკოტის გამოცხადება თვითმმართველობის არჩევნების მიმართ, ფატალური შეცდომა იყო.

"სამწუხაროდ, ადამიანები იქნენ შეყვანილი შეცდომაში - მე აქ ვგულისხმობ ოპოზიციურ ამომრჩეველს უპირველეს ყოვლისა. ადამიანები შეიყვანეს შეცდომაში, როდესაც უთხრეს, რომ სულ მინიმუმ თბილისის ნაწილში ბოიკოტში უნდა გავსულიყავით. ეს იყო ფატალური შეცდომა და მე ამას ყოველთვის ვიტყვი. მე თვითონ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ეს მოყოლილი მაქვს, ვიყავი ბოიკოტის მხარეს ბევრი მიზეზის გამო.

როცა არითმეტიკა, ფაქტები, არგუმენტები ძალიან ერთი მხრი მიუთითებს, ვფიქრობ, უკვე ჩანს, რა იყო ფატალური შეცდომა. ჩვენ ვიცით, რომ დღესდღეობით თბილისი გადაეცა 20%-იან მერს. კახა კალაძეს აქვს 20% პოპულარული სახალხო მანდატის. საერთოდ, საპარლამენტო არჩევნებს არ ადარებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იმიტომ, რომ ყოველთვის არათანაზომადი არის სიტუაცია. ზოგადად, არა მარტო ამ წელს, არჩევნები ედრება თავის ეკვივალენტ არჩევნებს. 2025 უნდა შევადაროთ 2021-ს, 2024 უნდა შევადაროთ 2020-ს და ა.შ.

მე არ მინდა კოლეგებზე დავიწყო საუბარი, რომ რაღაც ოპერაციის ნაწილი იყო, თუმცა თვითონ ამას აკეთებდნენ 3 თვის განმავლობაში, რაც ასევე ძალიან დიდი შეცდომა იყო და იმედია ოდესმე გაიაზრებენ. კრიტიკა არ არის პრობლემა, ყველაფერს შეჩვეული ვართ, არა თუ კრიტიკას, "ქართული ოცნება" საერთოდ ისეთებს გვაბრალებს, რომ მონაგონია ამასთან შედარებით, რაც ზოგიერთ კოლეგას თუ ე.წ. კოლეგას უთქვამს, ეგ არ არის ჩემთვის პრობლემა, არ მაინტერესებს, მაგრამ მაინტერესებს ამ ქვეყნის ბედი და ამ ქვეყნის ბედზე ცუდი გავლენა იქონია იმან, რომ პოლიტიკური ძალების ნაწილი არ გამოვიდა თვითმმართველობის არჩევნებზე.

რა შეიძლება იყოს იცით რუსული ოპერაცია? ამ ქვეყანაში პოლიტიკის მოკვლისთვის ხელის შეწყობა, ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში პოლიტიკის მოკვლას და დასრულებას უწყობს ხელს, არის რუსული ოპერაცია", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.