ირაკლი ქადაგიშვილი: BBC-ის ფილმი იყო კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა ააგორო ქვეყნის წინააღმდეგ მომწამლავი, შხამიანი კამპანია

ირაკლი ქადაგიშვილი

BBC-ის ფილმი იყო კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა ააგორო ქვეყნის წინააღმდეგ მომწამლავი, შხამიანი კამპანია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ამ კამპანიამ ვერც საქართველოში და ვერც საერთაშორისო დონეზე ფეხი ვერ მოიკიდა, რადგან ქვეყანას გამოვლილი აქვს 9 აპრილი.

„მე დაგაბრალებ და შენ წადი და იმართლე თავი, ეს შხამიანი კამპანია იქნა აგორებული საქართველოს წინააღმდეგ ამ ვითომ ფილმით. ამ კამპანიამ ვერც საქართველოში და ვერც საერთაშორისო დონეზე ფეხი ვერ მოიკიდა, რადგან ჩვენ გამოვლილი გვაქვს 9 აპრილი. გვახსოვს ის მომწამლავი ნივთიერება როგორ მოქმედებდა ადამიანებზე და ა.შ. „კამიტი“ არის ჩვეულებრივი ქიმიური იარაღი, რომელიც ადამიანებს კლავს და ვინც გადაურჩება მთელი ცხოვრება ინვალიდი რჩება.

ადამიანები ხვდებიან, რომ ეს არის გებელსისეული ტყუილი, მაგრამ ეს ტყუილი საქართველოში აღარ მუშაობს, ჩაიფუშა. ამ ნარატივის ასე მიტოვება არ უნდათ, ამიტომ 2 წლის შემდეგ წამოიწყეს ამ პირველი ჩაფუშული მომწამლავი კამპანიის შემდეგ ახალი, რომ არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული ჯანმრთელობის გაუარესება აქციებში მონაწილეობის შემდეგ.

ფაქტია, რომ როდესაც ადამიანს მოწამვლის გამო ეწყება ჯანმრთელობის გაუარესება, სულ მცირე სამედიცინო მიმართვიანობა უნდა არსებობდეს. ჩვენ გვახსოვს, რომ როდესაც ეს ვითომ საგამოძიებო ფილმი გაუშვეს, მერე ჩატარდა შესაბამისი გამოძიება სახელმწიფოს მხრიდან და იქ იყო ტოქსიკოლოგების განცხადება, რომ არც ერთი მომართვიანობა საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში მოწამვლასთან ან სხვა ტოქსიკოლოგიურ პრობლემასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ამას მე განვიხილავ იმ შხამიანი კამპანიის გაგრძელებად“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ოპოზიციის პროპაგანდა ჩავარდა. „კამიტი“ და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი - ეს ბრალდებები გააქრეს.