ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტს შეხვდა

garibashvili

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტს აკიჰიკო ტანაკას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიას შორის პარტნიორული ურთიერთობის მაღალი დონე აღინიშნა და ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ თანამშრომლობას. გამოითქვა არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აკიჰიკო ტანაკას იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურული პროექტების, მდგრადი ეკონომიკური ზრდის და საზოგადოების სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილი მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

იაპონია საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით ტექნიკური თანამშრომლობის, კაპიტალის გრანტებისა და სესხების უზრუნველყოფის პროგრამებს ახორციელებს.

JICA-ს ძლიერი გლობალური ქსელი მოიცავს ევროპის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ლათინური ამერიკის მიმართულებებს.

სხვა სიახლეები