გვაქვს 81 ფაქტი, „ქართული ოცნების“ მომხრეებს ხვდებოდათ სიიდან თავისი თავი ამოღებული, ირკვეოდა, რომ „ნაცმოძრაობის“ კლასტერის სხვადასხვა პარტიის მიერ დანიშნულები იყვნენ მათ წარმომადგენლებად სხვა უბნებში - მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ის სქემები წარმოადგინა, რომლებითაც, მისი განმარტებით „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ იპარავდნენ.

მან რადიკალური ოპოზიციის მიერ „ქართული ოცნების“ ხმების მოპარვის პირველ სქემად „ქართული ოცნების“ მომხრე ამომრჩევლების სხვა უბნებზე საკუთარ წარმომადგენლებად დარეგისტრირება დაასახელა. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ ეგონა, რომ ეს ამბავი გახმაურდებოდა. მისი განმარტებით, აღნიშნული სქემის 81 ფაქტი ქმედების სისტემურობაზე მიუთითებს.

„მე თქვენ დღეს წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს და კონკრეტულ ფაქტებს, როგორ იპარავდნენ ის ადამიანები კონკრეტულ ხმებს - „ქართული ოცნების“ ხმებს, რა სქემა იყო, რას აკეთებდნენ, რას კადრულობდნენ და რა კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები არსებობს ამასთან დაკავშირებით.

მათ რომ არ ეგონათ, რომ გაუხმაურდებოდათ ეს ამბავი, ასეთი ფაქტებია აღმოჩენილი. როდესაც აქეთ გვაბრალებენ, ახლა მე მათ ვაჩვენებ, რეალობა რა არის და რას კადრულობენ ისინი და მათი წარმომადგენლები.

სქემა N 1: გვაქვს 81 დადასტურებული ფაქტი და ეს უკვე სისტემურობაზე მიუთითებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოწოდების შესაბამისად, კიდევ მრავალი მსგავსი ფაქტი ამოვარდება. გუშინწინ მე თქვენ შეგპირდით, ჟურნალისტებს და საზოგადოებას, რომ მე კონკრეტულ ფაქტებს მოვიტანდი, თუ როგორ იპარავდნენ „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ხმებს და რას კადრულობდნენ ამისთვის. გვაქვს 81 დადასტურებული, იდენტიფიცირებული ფაქტი, რომელსაც დღესვე წარვუდგენთ საქართველოს პროკურატურას. რადგან ისინი მტკიცებულებებს ვერ წარუდგენენ, არ წარუდგენენ, ამას ჩვენ გავაკეთებთ და რადგან ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ამას ჩვენ გავაკეთებთ და ვითანამშრომლებთ დეტალების შესახებ, რომ ამ ქვეყანაში, ვერავინ შეძლოს მსგავსი დანაშაულების, უფრო ზუსტად და პასუხისმგებლობით რომ ვთქვათ, სავარაუდო დანაშაულების ჩადენა.

და რას შეეხება ეს 81 ფაქტი:კონკრეტული ამომრჩევლები, რომლებიც აცხადებენ და ვიცით, დაიდენტიფიცირებული გვყავს, როგორც „ქართული ოცნების“ მომხრეები, მიდიოდნენ საარჩევნო უბანზე და მათ ხვდებოდათ სიიდან თავისი თავი ამოღებული. ირკვეოდა, რომ ისინი ნაცმოძრაობის კლასტერის სხვადასხვა პარტიების მიერ დანიშნულები იყვნენ მათი პარტიების წარმომადგენლებად სხვა საარჩევნო უბნებში, ხშირ შემთხვევაში მოშორებით, მათი ჩაწერის ადგილიდან და შესაბამისი საარჩევნო უბნიდან. ანუ, დავუშვათ, მამუკა მდინარაძე რომ მივიდოდა, „ქართული ოცნების“ ერთი რიგითი ამომრჩეველი დავუშვათ, პირობითად ვამბობ ჩემს სახელ და გვარს, საბურთალოზე, თავის საარჩევნო უბანში, ხვდებოდა მოცემულობა, რომ ის დანიშნული იყო მაგალითად, სამტრედიაში ნაცმოძრაობის წარმომადგენლად სხვა ოლქის საარჩევნო უბანზე. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ჩვენი მომხრეები ვეღარ ახერხებდნენ, რომ ხმა მიეცათ. ბევრმა მათგანმა მოახერხა, ბევრმა მათგანმა ვერ მოახერხა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან აღნიშნული სქემის კონკრეტული შემთხვევებიც დაასახელა.

„მაგალითად, თბილისის შემთხვევაში: დიდუბეში მცხოვრები ნონა ნემსაძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა 27-ე საარჩევნო უბანზე, როდესაც მივიდა, იქ აღმოაჩინა, რომ დანიშნული იყო „ევროპული საქართველოდან“ ნინოწმინდაში წარმომადგენლად 25-ე საარჩევნო უბანზე.

ასევე, მაგალითად მაყვალა ხატიაშვილი, რომელსაც ხმა უნდა მიეცა, რეგისტრირებულია შესაბამისად დიდუბეში და ხმა უნდა მიეცა დიდუბის 30-ე საარჩევნო უბანზე, მივიდა და გაირკვა, რომ ის იყო დანიშნული 53-ე საარჩევნო უბანზე ალეკო ელისაშვილის პარტიიდან.

ნინო დვალი მივიდა სამგორში თავის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც ჩაწერილია და სადაც უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული, მე-19 საარჩევნო უბანზე, ხმა ვერ მისცა მანაც იმის გამო, რომ აღმოჩნდა ამბროლაურში მეათე საარჩევნო უბანზე დანიშნული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ასევე, მაგალითები მომყავს, 81-ს არ წაგიკითხავთ, მაგრამ რამდენიმე მაგალითს წაგიკითხავთ. ბორჯომში მაცხოვრებელი ელენე ელიოსიძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა მე-4 საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა დანიშნული „ლელოდან“ საბურთალოს მე-3 საარჩევნო უბანზე და ხმა ვერ მისცა.

ნუკრი დოლაბერიძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა წყალტუბოში 24-ე საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა ქუთაისში დანიშნული 59-ე საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოდან“.

ნუგზარ ირემაძე ადიგენში ხმა უნდა მიეცა მე-15 საარჩევნო უბანზე, იქ ცხოვრობს და აღმოჩნდა ხულოში დანიშნული ალეკო ელისაშვილის პარტიიდან 23-ე საარჩევნო უბანზე.

და ასეთი გვაქვს 81 იდენტიფიცირებული შემთხვევა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მოჰპარეს ხმა და ამ კონკრეტულ ადამიანებს არ მისცეს საშუალება, რომ ხმა მიეცა იქ, სადაც არის ჩაწერილი და სადაც უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული ისინი ამოღებულები იყვნენ საარჩევნო სიიდან იმიტომ, რომ სპეც.სიაში იყვნენ შეყვანილები იქ, სადაც იყვნენ ასე მოტყუებით მათი პირადი მონაცემების მოპოვებით.

ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ ბუნებრივია ამ სიას გადავუგზავნით საქართველოს პროკურატურას და დეტალურად ვთხოვთ მათ, რომ გამოიძიონ ეს საკითხები. ვინ, რა ნომრით, როგორ მოიპოვა მათი პირადი მონაცემები და როგორ დანიშნა სხვაგან მათი პარტიის წარმომადგენლად, „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ, ეს არის გამოძიების საქმე და საქმე გვაქვს სავარაუდო დანაშაულთან, როდესაც ხელი ეშლება მოქალაქეს თავისი არჩევანი თავისუფლად დააფიქსიროს. 162-ე მუხლია სხვათა შორის, სისხლის სამართლის კოდექსში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.