გივი მიქანაძე: შევიმუშავებთ სრულიად ახალ სახელმძღვანელოებს, რომელთა დანერგვა და პილოტირება ეტაპობრივად განხორციელდება და ვფიქრობთ, რომ 2-3 წლის პერიოდში ყველა სკოლაში ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება

გივი მიქანაძე

შევიმუშავებთ სრულიად ახალ სახელმძღვანელოებს, რომელთა დანერგვა და პილოტირება ეტაპობრივად განხორციელდება და ვფიქრობთ, რომ 2-3 წლის პერიოდში ყველა სკოლაში ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა ჰკითხა, რა ვადები დასჭირდება ყველა სკოლაში ერთი სახელმძღვანელოს სისტემაზე გადასვლას და რას უპასუხებს კრიტიკას, რომ ეს წიგნები განათლების სამინისტროს მიერ იქნება დაწერილი, რაც საბჭოურ პრაქტიკას ახსენებთ.

„ეს [ერთი სახელმძღვანელოს სისტემა] არანაირად არაა საბჭოური პრაქტიკა. ეს არის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან სრული პასუხისმგებლობის აღება იმ პროცესზე, რაც სასწავლო მასალასთან არის დაკავშირებული. ოცწლიანი პერიოდი გავიარეთ, როდესაც შემოღებული იყო თავისუფალი ბაზრის პრინციპით ავტორთა ჯგუფების მიერ იმის შესაძლებლობა, რომ მათ შეემუშავებინათ სახელმძღვანელოები, ამ სახელმძღვანელოებს გაევლო გრიფირების პროცესი და შემდგომში მომხდარიყო მათი დანერგვა სასწავლო პროცესში.

ისიც ვნახეთ, რომ ერთსა და იმავე საგანში ერთი და იგივე დონეზე სხვადასხვა სახელმძღვანელოთი ხდება სწავლება. ეს ხშირ შემთხვევაში მეთოდოლოგიურად, შინაარსობრივად, თვისობრივადაც განსხვავებულია, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოქმედებს ხარისხზე და არსებული პროგრამა სრულფასოვნად ვერ პასუხობს იმ მოთხოვნას, რომელიც ეროვნულ გამოცდებზეა. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2-3 წლის განმავლობაში შემუშავდება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები, რომლებიც პირველ რიგში დაეფუძნება ზოგადი ეროვნული გეგმის მიზნებს.

შევიმუშავებთ სრულიად ახალ სახელმძღვანელოებს, რომელთა დანერგვა და პილოტირება ეტაპობრივად განხორციელდება და ვფიქრობთ, რომ 2-3 წლის პერიოდში ყველა სკოლაში ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება და ერთსა და იმავე დონეზე ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო იმოქმედებს, რომ ერთიანი მიდგომა და ხარისხი იყოს“, - აღნიშნა მიქანაძემ.