გავიგეთ, რომ ცესკოს და პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ერთი და იგივეა და ვერ გააყალბებდნენ 12-14 პროცენტს, მაგრამ სხვა რაღაცები ხომ წერია იქ, ის გვაინტერესებს და გამოაქვეყნონ - მამუკა მდინარაძე „ისფედზე“

მამუკა მდინარაძე

ჩემს შედეგებს, რაც მივიღე არ ვენდობიო ადამიანი [ნინო დოლიძე] ამბობს და რას უნდა ნიშნავდეს ეს. გვაწვდიან ინფორმაციას, რომ ქალბატონ დოლიძეზე უდიდესი ზეწოლაა და არ აქვეყნებინებენ მონაცემებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ისფედის“ შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

„არ ვიცი ეს ინფორმაცია 100%-იანია თუ არა, მაგრამ ლოგიკაც ამაზე მიუთითებს, და შეიძლება უფრო დავიჯერო, ვიდრე არა, რომ საკუთარ მონაცემებზე ალაპარაკებენ, რომ არ ენდობა და არ აქვეყნებს. განცხადების შუაში გააპარა, რომ ცესკოს მონაცემებს ემთხვევა. გავიგეთ, რომ ცესკოს და პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ერთი და იგივეა და ვერ გააყალბებდნენ 12-14 პროცენტს, მაგრამ სხვა რაღაცები ხომ წერია იქ, ის გვაინტერესებს და გამოაქვეყნონ. რასთან გაქვს საქმე რომ მეექვსე დღეა არ აქვეყნებენ? ანუ, ზეწოლაა და ეს შეიძლება დავიჯეროთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ისფედი“ პივიტის არ გაასაჯაროებს. ხუთდღიანი დუმილის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციამ პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ „ისფედი“ თავისსავე მიღებულ შედეგებს არ ენდობა.