ნაციონალური მოძრაობა

Exclusive: "ნაცმოძრაობა“ კვლავ იყოფა - ვინ წავა და რა შემთხვევაში ოპოზიციური პარტიიდან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირების და საკუთარ პარტიასთან კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში, რაც უკვე დააანონსდა,  „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარდამტეხი პერიოდი დგება, რაც  საბოლოო ჯამში, პარტიის გაყოფით დასრულდება.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიხეილ სააკაშვილის გამიჯვნის შემთხვევაში, პარტიისგან ასევე დისტანცირდება: ეკა ხერხეულიძე, რომან გოცირიძე და თინა ბოკუჩავა.  ამ საკითხზე რომან გოცირიძემ „პრაიმტაიმთან“ კომენტარის გაკეთება საერთოდ არ ისურვა, ხოლო ეკა ხერხეულიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ინფორმაციას პარტიის გაყოფის შესახებ უკვე აღარ მალავს თავად თინა ბოკუჩავა, რომელიც აცხადებს, რომ თუ სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ „ოპოზიციურ ფლანგზე დიდი გადაჯგუფება მოხდება“.

რას ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო გაყოფის შესახებ? – როგორც აღმოჩნდა, ეს საკითხი მისთვის მნიშვნელოვანი საერთოდ არ არის, ამის შესახებ  „პრაიმტაიმთან“ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა. 

„ყველა პარტიაში არის განსხვავებული აზრი. ამ პარტიამ ბევრ გამოწვევას გაუძლო, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა გამორიცხული არ არის. სააკაშვილი ცუდად არის, ამიტომ მისთვის ახლა პოლიტიკა და პარტია მნიშვნელოვანი არ არის“,- განაცხადა გელბახიანმა.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან დისტანცირებას თან მოჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა, ამის შესახებ მან „პრაიმტაიმთან“ განაცხადა. 

„თუ სააკაშვილი უარს იტყვის ქართულ პოლიტიკაზე და დატოვებს პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადალაგება აუცილებლად მოხდება, ანუ ის გაიყოფა. ამ მომენტში „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორი დაჯგუფებაა: ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის. ჩემი ინფორმაციით, პარტიას, სავარაუდოდ, სააკაშვილის ძირითადი მხარდამჭერები დატოვებენ“, - განაცხადა ძაბირაძემ.

აღსანიშნავია, რომ 8 წლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა ბრალდების საფუძველზე 1 ოქტომბერს დააკავეს.

მთავარი სიახლეები