ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ: დეპოლარიზაციაზე, საპარლამენტო ზედამხედველობაზე, საარჩევნო პროცესზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ანტიკორუფციულ ბიუროზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ.

„ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჩვენ მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას,  რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცდა. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კომუნიკაცია იყო ევროკომისიასთან“, -  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით,  შეხვედრაზე განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს და პარლამენტის კომპეტენციაშია. 

„იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა იქნება, ისევე როგორც 12 ნაბიჯთან დაკავშირებით, დღესაც, ამ ფორმატში,  ყველას აქვს შესაძლებლობა საკუთარი პოზიციები, მოსაზრებები დააფიქსიროს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე,  საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.