ებრაული სახელმწიფოს გენოციდში დადანაშაულება მორალური ზღვრის გადაკვეთაა - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

სტეფან სეჟურნე

საფრანგეთმა უარი თქვა ღაზაში პალესტინელების გენოციდის ბრალდებების მხარდაჭერაზე, რომელიც სამხრეთ აფრიკამ ისრაელის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

"ებრაული სახელმწიფოს გენოციდში დადანაშაულება მორალური ზღვრის გადაკვეთაა. გენოციდის ცნების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ შეიძლება", - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სამხრეთ აფრიკამ გენოციდის ბრალდებით ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში დეკემბერში შეიტანა და მოსამართლეებს ისრაელისთვის, ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, საგანგებო ზომების დაკისრება მოსთხოვა.

ისრაელი აცხადებს, რომ სამხრეთ აფრიკის მიერ შეტანილი სარჩელი დამახინჯებულ ფაქტებს ეყრდნობა და ეწინააღმდეგება ისრაელის უფლებას - თავი დაიცვას.