დღევანდელი შეკრება ემსახურება იმას, რომ განვიხილოთ თუ როგორი იქნება, ჩვენი სამოქმედო გეგმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით - გიორგი ბოტკოველი

გიორგი ბოტკოველი

უპირველეს ყოვლისა, საზრუნავია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მისი ჯანმრთელობისთვის ეს შიმშილობა ნამდვილად არ იქნება სასარგებლო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგის ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ პოლიტსაბჭოზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელებენ.

„თითოეულმა ჩვენგანმა, პარტიის წევრმა და ყველამ, ვინც ჩართული ვართ ამ დიდ ბრძოლაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ ტყვეობიდან. დღევანდელი შეკრება ემსახურება იმას, რომ განვიხილოთ თუ როგორი იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ასევე პარტიის საქმიანობასთან მიმართებით, რაც ასევე პირდაპირ არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან. ჩემი ხედვა არის ის, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი აქტიურობით როგორც შიგნით ქვეყანაში, ისე მის გარეთ - ეს იქნება საპროტესტო აქციები, ჩვენი კომუნიკაცია სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. მათთან თანამშრომლობის პროცესში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ ტყვეობიდან. ის არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე. ის მას სჯის არამხოლოდ იმის გამო, რომ არის კონკურენტი, არამედ იმის გამო, რომ ის არის ამ ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.