დღეს საქართველო ნატო-ში რომ შევიდეს, ესეც არ გაუხარდებათ - დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინისთვის მხარდაჭერის, სოლიდარობის გამოხატვის თვალსაზრისით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვის კუთხით. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა „მოამბეში“ განაცხადა და საგარეო პოლიტიკური კურსით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

ზალკალიანის თქმით, ოპონენტები საზოგადოებას აწვდიან აბსოლუტურად უსაფუძვლო და მცდარ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის მიმართ მავნებლური პოზიცია ჩამოაყალიბოს.

„ოპონენტები საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ისინი არიან უფრო პატრიოტები, უფრო მეტად გამოხატავენ უკრაინის მხარდაჭერას და საქართველოს ხელისუფლება თითქოს ცდილობს რუსეთის ფედერაციის მიმართ მავნებლური პოზიცია ჩამოაყალიბოს. თქვენ, საზოგადოებას ვეკითხებით, იმ ფონზე, რა აქტივობებიც ჩამოვთვალე, არის თუ არა ეს ძალიან სერიოზული, სოლიდური ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერაზეა საუბარი, საუბარია ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე. სანამ უკრაინა იქნებოდა, 2008 წელს საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია ეს ყველაფერი და ოკუპაცია დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ არ არის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, ყოველდღე გვაქვს მავთულხლართები, ადამიანების გატაცება და ასე შემდეგ. ამას ჩვენ ვუპირისპირებთ მაქსიმალურ კონსოლიდაციას და საერთაშორისო მხარდაჭერას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის არც ერთ საერთაშორისო პარტნიორს არ დასცდენია ისეთი სიტყვა, როგორ რიტორიკასაც ოპონენტებისგან ისმენს. ზალკალიანის განცხადებით, დღეს საქართველო ნატო-ში რომ შევიდეს, ოპონენტებს ესეც არ გაუხარდებათ, რადგან მათი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება.

„არც ერთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს სიტყვაც კი არ დასცდენია ისეთი, რა სიტყვებსაც და რიტორიკასაც ვისმენთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან. საზოგადოებამ განსაჯოს შავი და თეთრი, რა არის ის მწყობრი ნაბიჯები, რასაც ხელისუფლება დგამს ჩვენი ინტერესების გამოხატვის თვალსაზრისით და როგორ ცდილობენ ოპონენტები, ოპოზიცია, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. მე ხანდახან მიჩნდება იმის ეჭვი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს საქართველო ნატო-ში შეიყვანოს, ოპონენტებს ეს არ გაუხარდებათ, რადგან მათი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება ეს. ეს არის რაღაც ჯიბრში ყოფნა, რაღაცნაირად ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბარი. ყოვლად მიუღებელია ის, როდესაც ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესები დგას სასწორზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

✕