დღეს პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს აირჩევს - უმრავლესობა მხარს გიორგი კალანდარიშვილს დაუჭერს

parlamenti

დღეს, პლენარულ სხდომაზე, ცესკოს თავმჯდომარეს და ორ პროფესიულ წევრს აირჩევენ. უმრავლესობა მხარს მოქმედ თავმჯდომარეს - გიორგი კალანდარიშვილს დაუჭერს.

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ კანდიდატებმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე პროფესიონალიზმი დაამტკიცეს.

"იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციის ის კონსტრუქციული ნაწილი, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საპარლამენტო ცხოვრებაში, აქტიურად დაუჭერს მხარს იმ კანდიდატს, რომელმაც ყველა ობიექტური შეფასებით, მხარდაჭერა ღირსეულად დაიმსახურა მათ მიერ გაკეთებული საქმეებიდან გამომდინარე,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.

ხელისუფლების ოპონენტები კი, აღნიშნავენ, რომ "ქართული ოცნების" პირობებში, დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა შეუძლებელია.

"ცესკო თავიდან ბოლომდე "ქართული ოცნების" ხელშია. არც კი დაუშვებენ იმას, რომ ისეთმა ადამიანმა უხელმძღვანელოს ამ უწყებას, რომელიც 1%-თაც იქნება დამოუკიდებელი ტავის გადაწყვწეტილებაში. შესაბამისად, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის აზრს მე პირადად ვერ ვხედავ,"- აღნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე.

 

გასული წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. იმ შემთხვევაში, თუ არჩევა ხმათა 2/3-ის ნაცვლად, უბრალო უმრავლესობით მოხდა, არჩეული კანდიდატები თანამდებობას კვლავ ექვსი თვის ვადით დაიკავებენ, ნაცვლად ხუთი წლისა.

ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს პროფესიულ წევრებს მაია ზარიძეს და გია ცაცაშვილს, რომლებიც პარლამენტმა გასული წლის 2 აგვისტოს აირჩია, უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა ამოეწურათ.

✕