დეპუტატების ინფიცირების გამო, ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა გადაიდო

პარლამენტი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, სადაც სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო.

მიზეზი დეპუტატების ინფიცირება გახდა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, ეპიდვითარების გამო პარლამენტის წევრების სხდომაზე ვერ მივიდნენ და კვორუმი ვერ შედგა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება კომიტეტის სხდომა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დღეს სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უნდა განეხილა და საკუთარი დასკვნა პარლამენტისთვის წარედგინა.