დავითაშვილმა სისტემურად დაიწყო იმ პრობლემების მოგვარება, რაც წლების განმავლობაში იყო დაგროვილი სოფლის მეურნეობაში - სოზარ სუბარი

პარლამენტის წევრი

"ნათია თურნავა არის გუნდის ძალიან გამოცდილი წევრი, ძალიან დიდი ხანია სახელმწიფო უწყებებში მუშაობს და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას გაწეული საქმიანობისთვის, ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ლევან დავითაშვილმა, მრავალი წლის განმავლობაში, ჯერ მინისტრის მოადგილის, შემდეგ მინისტრის რანგში, სხვა დონეზე აიყვანა სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოში ვითარება. სისტემურად დაიწყო ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რაც წლების განმავლობაში იყო დაგროვილი საქართველოს სოფლის მეურნეობაში და დარწმუნებული ვარ, ზუსტად იმავეს გააკეთებს ეკონომიკის სამინისტროში. რაც შეეხება ოპოზიციის წუხილებს, მათ ეს დიდხანს გაუგრძელდებათ და ძალიან დიდხანს მოუწევთ ლაპარაკი იმაზე, თუ რატომ ხდება „ქართული ოცნების“ მთავრობაში ცვლილებები. ცვლილებები ყოველთვის იქნება და ეს ნორმალურია, უბრალოდ მათ მოუწევთ დარჩენა კომენტატორის როლში კიდევ დიდხანს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. თანამდებობას დატოვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მის ადგილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დაიკავა. დავითაშვილის ყოფილ უწყებას ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს, რომელიც დავითაშვილის მოადგილე იყო.