დავით ზალკალიანი აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე: „დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დადებითი ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის“

საგარეო საქმეთა მინისტრი

ამერიკული გამოცემა “The Hill”, მკვლევარ ბროკ ბირმანის ავტორობით სტატიას, სახელწოდებით „მიეცით საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება“ აქვეყნებს.

სტატიის ავტორი აშშ-ისა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების დადებით მხარეებს უსვამს ხაზს და აღნიშნულ თემაზე საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართულ საუბარს იხსენებს.

„ცოტა ხნის წინ მქონდა კომუნიკაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, რომელმაც მითხრა, რომ პოტენციალი საკმაოდ დიდია. მან თქვა: „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან, მყისიერად გაზრდის აშშ-ის რბილ ძალას საქართველოს საზღვრებს მიღმა, შესაძლებელს გახდის [სამხრეთ კავკასიაში] დაძაბულობის ზრდის თავიდან აცილებას, გააძლიერებს ეკონომიკურ მდგრადობას, კეთილდღეობას და ორმხრივ ვაჭრობას. ისტორიამ დაამტკიცა ორმხრივად მოგებიანი ვაჭრობის ეფექტურობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დადებითი ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის“.“ - წერს ბროკ ბირმანი.

ავტორის თქმით, საქართველოსა და აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება. ის დადებითად იმოქმედებს როგორც საქართველოდ დემოკრატიულ განვითარებაზე, ისე აშშ-ის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებზე.