ასეთი ფორმატი, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციისთვის უნდა იყოს საინტერესო, თუმცა, ისინი ბოიკოტს უცხადებენ ყველას და ყველაფერს, სინამდვილეში სათქმელი არაფერი აქვთ - შალვა პაპუაშვილი მინისტრის საათზე

შალვა პაპუაშვილი

მათ რასაც დაუსახავენ გარედან პატრონები, უნდა იყვირონ რუსეთი, რუსეთი, ეს არის. მათი მთლიანი კამპანია არის ზიზღი, ტერორი, მუქარა და რასაც ამ ყველაფერს ვაკვირდებით, მათი ერთადერთი მიზანი არის ხელისუფლების მიტაცება გარე ძალებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ბოიკოტის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ფორმატი, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციისთვის უნდა იყოს საინტერესო, თუმცა, ისინი ბოიკოტს უცხადებენ ყველას და ყველაფერს, იმიტომ, რომ სინამდვილეში სათქმელი არაფერი აქვთ.

„რაც შეეხება მინისტრის საათს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება შესაძლებლობა მოვუსმინოთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს. ზოგადად, ეს ფორმატი ოპოზიციისთვის უნდა იყოს უფრო საინტერესო, ვინაიდან, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ მინისტრს დაუსვან კითხვები. ჩვენ კომუნიკაციის ბარიერი, პრობლემა მინისტრთან არ გვაქვს. მთავრობა არის საპარლამენტო უმრავლესობის მთავრობა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ფორმატების მიღმაც გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია მთავრობის წევრებთან. დარგობრივ კომიტეტებს აქვთ შესაბამის მინისტრებთან კომუნიკაცია, ისევე, როგორც პოლიტიკურ გუნდში შიგნით გვაქვს კომუნიკაცია მთავრობასთან.

ამიტომ, ასეთი ფორმატი, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციისთვის უნდა იყოს საინტერესო, თუმცა, ისინი ბოიკოტს უცხადებენ ყველას და ყველაფერს, იმიტომ, რომ სინამდვილეში სათქმელი არაფერი აქვთ, იმიტომ, რომ უნდა მოვიდნენ მაშინ და ისაუბრონ განათლების პოლიტიკაზე და რა უნდა თქვან? არაფერი აქვთ.

წინაზე იყო ჯანდაცვის მინისტრი, უნდა ესაუბრათ ჯანდაცვის პოლიტიკაზე, რა უნდა თქვან? არაფერი სათქმელი არ აქვთ. მათ რასაც დაუსახავენ გარედან პატრონები, უნდა იყვირონ რუსეთი, რუსეთი, ეს არის. მათი მთლიანი კამპანია არის ზიზღი, ტერორი, მუქარა და რასაც ამ ყველაფერს ვაკვირდებით და მათი ერთადერთი მიზანი არის ხელისუფლების მიტაცება გარე ძალებისთვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.