ახალი პოლიტიკური ვითარება უნდა გამოიყენოს არა მხოლოდ საქართველომ, არამედ ევროკავშირმაც - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

"ახალი პოლიტიკური ვითარება უნდა გამოიყენოს არა მხოლოდ საქართველომ, არამედ ევროკავშირმაც",- ამის შესახებ  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.  

"ჩვენი ქვეყანა ყველაზე წარმატებული ქვეყანაა ასოცირებულ ტრიოში რეფორმების გატარების კუთხით და საკანონმდებლო ბაზა ყველაზე უფრო მაღალი თავსებადობით გამოირჩევა, როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-სთან მიმართებით. გადაწყვეტილება, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება, იქნას მიღებული, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მსოფლიოში შექმნილ ახალ პოლიტიკურ ვითარებაზე.

ეს ახალი პოლიტიკური ვითარება გამოყენებული უნდა იქნას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის მიერ, რათა ახალი შესაძლებლობა, ახალი სტიმული და მოქმედების რუკა, გეგმა მიეცეს ამ სახელმწიფოებს, რომლებსაც დიდი ხანია ეს მიზნად აქვთ დეკლარირებული. ჩვენ ისედაც გვქონდა დაგეგმილი 2024 წლისთვის განაცხადის გაკეთება, მაგრამ ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შექმნილმა ვითარებამ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დროის და ისტორიული დროის ვითარება შეცვალა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.