ზელენსკი

ზელენსკი მსოფლიოს სასურსათო კრიზისზე აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი 22 მილიონი ტონა საკვები პროდუქტების ექსპორტის ბლოკირებაში დაადანაშაულა - ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა CNN წერს.

ზელენსკის თქმით, თუ პორტებს არ აამუშავებენ, ბევრ ქვეყანას სასურსათო კრიზისი შეექმნება.

“მსოფლიო საზოგადოებამ უნდა დაეხმაროს უკრაინას საზღვაო პორტების განბლოკვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგეტიკულ კრიზისს მოჰყვება სასურსათო კრიზისი და მას კიდევ ბევრი ქვეყანა შეექმნება. რუსეთმა დაბლოკა თითქმის ყველა პორტი და ყველა, ასე ვთქვათ, საზღვაო შესაძლებლობა საკვების ექსპორტისთვის - ჩვენი მარცვლეული, ქერი, მზესუმზირა და სხვა ბევრი რამ.

მსოფლიოში კრიზისი იქნება. მეორე კრიზისი ენერგეტიკის შემდეგ, რომელიც რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული ახლა სასურსათო კრიზისს შექმნის. თუ არ განბლოკავთ უკრაინისთვის მარშრუტებს. აფრიკას, ევროპის ქვეყნებს, აზიას ეს საკვები პროდუქტები სჭირდებათ“, - თქვა ზელენსკიმ შაბათს კიევში, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრთან ანტონიო კოსტასთან მოლაპარაკების შემდეგ.

ზელენსკიმ ასევე დაადანაშაულა მოსკოვი საკვები პროდუქტების "ეტაპობრივ მოპარვაში" და მათი გაყიდვის მცდელობაში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე ხორბლის მარაგი რუსეთიდან და უკრაინიდან შეადგენდა გლობალური ვაჭრობის თითქმის 30%-ს, ხოლო უკრაინა მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ექსპორტიორია. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა - რომელიც მსოფლიოს ეხმარება გლობალურ სასურსათო დაუცველობასთან ბრძოლაში, ყოველწლიურად თავისი ხორბლის ნახევარს უკრაინიდან ყიდულობს. გაერო ქვეყნებს აფრთხილებს, თუ უკრაინის პორტები არ გაიხსნება, შედეგები საშინელი იქნება.