ზელენსკი: ახლა უკრაინა ყველამ უნდა დავიცვათ, თუ სახელმწიფოს ძირს უთხრით, პასუხისგებაში მიეცემით, კანონს თუ დაარღვევთ, პასუხს აგებთ

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გახსნილ ანტიკორუფციულ დანაშაულზე პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს მიუღებელია და ამიერიდან ყველაფერი „სამართლებრივი ჩარჩოების“ მიხედვით უნდა წარიმართოს.

„დეტალური საუბარი მქონდა უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან. პირველ რიგში – ენერგეტიკის სექტორში, აბსოლუტურად ყველა პროცესში, მაქსიმალური პატიოსნება უნდა იყოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამართალდამცავი ორგანოებისა და ანტიკორუფციული მუშაკების მიერ ჩატარებულ ყველა გამოძიებას და ეს ყველასთვის ნათელი პოზიციაა. არანაირი სქემა. კარგია, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი სრულ მხარდაჭერას გაუწევს გამოძიებას და ყველა პროცედურულ და სასამართლო ქმედებას. მოხდება „ენერგოატომის“ მენეჯმენტის გაწმენდა და გადატვირთვა. ახლა უკრაინაში ყველასთვის უკიდურესად რთულია ელექტროენერგიის გათიშვასთან, რუსულ დარტყმებსა და დანაკარგებთან გამკლავება. აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ენერგეტიკის სექტორშიც არსებობს გარკვეული სქემები.

ხელს მოვაწერ ბრძანებულებას, რომლითაც სანქციები დაუწესდება ორ პირს, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU-ს) საქმეში, რომელიც „ენერგოატომს“ ეხება. ახლა უკრაინა ყველამ უნდა დავიცვათ. თუ სახელმწიფოს ძირს უთხრით, პასუხისგებაში მიეცემით. თუ კანონს დაარღვევთ, პასუხს აგებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას! მადლობა ყველას, ვინც ჩვენს სახელმწიფოს და უკრაინელებს იცავს“ – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მასშტაბური კორუფციული საქმის გახსნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საქმე ეხება უკრაინის სახელმწიფო კომპანიის „ენერგოატომის“ თანხების გაფლანგვას. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანის სახლში, მათ შორის გერმან გალუშენკოს სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. თანამდებობა დატოვეს იუსტიციის მინისტრმა გერმან გალუშენკომ და ენერგეტიკის მინისტრმა სვეტლანა გრინჩუკმა. კორუფციული სქემის ფიგურანტია ზელენსკის ახლო მეგობარი თემურ მინდიჩი, რომელმაც ქვეყანა უკვე დატოვა.