ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია იმ კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის, რომელიც მოსკოვმა უმიზეზოდ გამოიწვია - ნედ პრაისი

ნედ პრაისი

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, უკრაინის საზღვართან რუსეთმა დამატებით 7 ათასი სამხედრო განათავსა.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ მოსკოვის მიერ ძალების გაყვანის შესახებ განცხადებების მიუხედავად, უკრაინის საზღვართან სამხედროების რიცხვი ახლა უკვე 150 000 აჭარბებს. ვაშინგტონი კვლავ უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობაზე საუბრობს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია იმ კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის, რომელიც მოსკოვმა უმიზეზოდ გამოიწვია. მაგრამ ეს ძალისხმევა ეფექტური მხოლოდ მაშინ იქნება, თუ რუსეთი დეესკალაციის სურვილს გამოიჩენს. ნათლად რომ ვთქვათ, ჩვენ ეს არ გვინახავს.

ბოლო კვირებსა და დღეებში ფაქტობრივად საპირისპირო ვნახეთ: მეტი რუსული ძალაა საზღვართან და ისინი საბრძოლო პოზიციებზე გადადიან. ეს ღრმა შეშფოთებას იწვევს.

რუსეთი ყალბ ნარატივებს ავითარებს, რათა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედების განხორციელების საბაბად გამოიყენოს. დეკემბერში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ NATO და შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ პროვოკაციებს გეგმავენ არაიდენტიფიცირებული ქიმიური კომპონენტების შემცველი რეზერვუარების დონბასში შეტანით, რომელსაც შემდგომ უკრაინა გამოიყენებდა. ეს რუსეთის მიერ კარგად დაწერილი სცენარია, მათ შორის მისი წინა შეჭრიდან უკრაინასა და საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში განხორციელებული დეზინფორმაციის კამპანიებიდან", - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ნედ პრაისმა.