ყირიმის ანექსიაზე რეაქცია სუსტი იყო, ამიტომ რუსული აგრესია დღევანდელ მასშტაბამდე  გაიზარდა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე რეაქცია სუსტი და არასაკმარისად პრინციპული იყო, რის შედეგადაც რუსეთის აგრესია დღევანდელ მასშტაბებამდე გაიზარდა.

ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ყირიმის პლატფორმის ონლაინსამიტზე მიიწვია, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიმართება.

„გასულ წელს ჩვენ შევქმენით ყირიმის პლატფორმა და ვავითარებთ ამ ფორმატს, რუსეთის ყველა მუქარისა და საგრძნობი დიპლომატიური წინააღმდეგობის მიუხედავად. წლების განმავლობაში ოკუპაციის შედეგად, რუსეთმა ყირიმი დიდ სამხედრო-საპატიმრო ბანაკად აქცია და მისი მსხვერპლი ათობით ათასი ადამიანი გახდა. ყირიმი იქცა პლაცდარმად ჩვენი ქვეყნის თავისუფალ ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ყირიმის ოკუპაციაზე 2014 წელს და შემდგომ წლებში სუსტი და არასაკმარისად პრინციპული პოზიცია გახდა ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ რუსეთის აგრესია ამ მასშტაბებამდე გაიზარდა. ეტაპობრივად აღვადგენთ სამართლიანობას ჩვენს ყირიმთან მიმართებითაც“, – განაცხადა ზელენსკიმ.