უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თანამდებობაზე რჩება - BBC

ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თავის თანამდებობაზე რჩება მას შემდეგ, რაც „მოახერხა შეხვედრა“ ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, იტყობინება BBC კიევში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

მანამდე უკრაინის ვერხოვნა რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა რეზნიკოვის გადადგომის როგორც უკვე გადაწყვეტილი საკითხის შესახებ. ამავე დროს არახამიამ გამოაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნება უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი.

თავად რეზნიკოვმა მომავალი გადადგომის შესახებ საუბრისას თქვა, რომ მან ამის თაობაზე არაფერი იცის. სამშაბათს რეზნიკოვმა კიევში უმასპინძლა გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს, რომელიც მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა უკრაინაში. ზელენსკისთან შეხვედრასა და მის შედეგებზე რეზნიკოვს არ უსაუბრია.

ოლექსი რეზნიკოვი 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრად. ამასთან, მას არა აქვს სამხედრო განათლება: პროფესიით ის იურისტია. თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე რეზნიკოვი იყო უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხების მინისტრი.

უკანასკნელ ხანებში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ. იანვრის ბოლოს უკრაინელმა ჟურნალისტმა იური ნიკოლოვმა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისთვის სურსათს ყიდულობს გაძვირებულ ფასებში. პუბლიკაციას ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ მრავალმხრივ და საჯარო გამოძიებას ჩაატარებს კორუფციული შესყიდვების თაობაზე. გარდა ამისა, წლის დასაწყისიდან მოყოლებული ფრონტზე უკრაინის არმიის ვითარება უარესდებოდა. რუსეთის არმიამ ლუგანსკის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში ადრე ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ პირველად დაიკავა რამდენიმე დასახლებული პუნქტი, რომლებიც მნიშვნელოვანია შემდგომი იერიშისთვის.