უკრაინის მთავრობამ ამერიკასთან გასაფორმებელი ხელშეკრულება იშვიათი წიაღისეულის მოპოვების შესახებ მოიწონა და ხელმოსაწერად გაამზადა - დენის შმიგალი

დენის შმიგალი

უკრაინის მთავრობამ ამერიკასთან გასაფორმებელი ხელშეკრულება იშვიათი წიაღისეულის მოპოვების შესახებ მოიწონა და ხელმოსაწერად გაამზადა, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე.

მან აგრეთვე ჩამოთვალა ხელშეკრულების ექვსი პუნქტი. ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, უკრაინა და აშშ შექმნიან უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდს, რომელიც საერთო საკუთრება იქნება და ის ორი ქვეყნის მთავრობებმა უნდა მართონ.

მეორე: უკრაინის წიაღისეული რესურსები უკრაინის საკუთრებად რჩება და ის არ გადაეცემა არც აშშ-ს, არც სხვა რომელიმე ქვეყანას. მესამე: უკრაინა შექმნილ ფონდში რესურსების აქტივების 50% გადარიცხავს.

მეოთხე: აშშ ფონდში შეიტანს სახსრებს ფინანსური ინსტრუმენტებისა და სხვა აქტივების სახით, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის აღსადგენად. მეხუთე: ფონდში შემოსული ფული ჩაიდება მხოლოდ უკრაინის აღსადგენად საჭირო პროექტებში.

მეექვსე პუნქტი, როგორც შმიგალმა აღნიშნა, ეხება უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესს. მისი თქმით, ხელშეკრულება ქვეყნის ევროინტეგრაციასთან წინააღმდეგობაში არ მოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულებას ხელი 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროს მოეწერება.