„საომარი მოქმედებები ერთი თვე მაინც გაიწელება, იქნება სისხლის ღვრა“ - რა ელის რუსეთს დასავლეთისგან, უკრაინასთან ომის დაწყების შემთხვევაში

უკრაინა

უკრაინა-რუსეთი ომის ზღვარზეა - ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საკუთარი ძალის დემონსტრირებას განაგრძობს და უკრაინის საზღვრებთან ჯარის განთავსებას აგრძელებს. ქვეყნებს შორის კონფლიქტის გაღრმავების საფრთხე რომ არსებობს, ამის შესახებ ექსპერტები „პრაიმტაიმთან” ღიად საუბრობენ.

როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რუსეთი უკრაინასთან ომზე იმ შემთხვევაში წავა, თუ უკრაინა დონბასს სპეციალურ სტატუსს არ მიანიჭებს.

„რუსეთი ქმნის ომის საფრთხეს. ის აშანტაჟებს მსოფლიოს. რუსეთი უკრაინასთან ომზე იმ შემთხვევაში წავა, თუ უკრაინა დონბასისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას არ გადაწყვეტს. რუსეთი მოითხოვს, რომ მისი გაგებით, შესრულდეს მინსკის შეთანხმებები, რასაც უკრაინა არ ეთანხმება. თუ უკრაინა არ მისცემს დონბასს სტატუსს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, რუსეთმა უკრაინაში უფრო მეტი ჯარი შეიყვანოს და აღიაროს სამხრეთ ოსეთის მსგავსად, დონბასის დამოუკიდებლობა.

უკრაინას საკმაოდ ძლიერი არმია ჰყავს. იქ საომარი მოქმედებები ერთი თვე მაინც გაიწელება, იქნება სისხლის ღვრა, რაც რუსეთს არ უნდა. რუსეთს უფრო ომით შანტაჟი აწყობს“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რა როლს ითამაშებს დასავლეთი რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების პროცესში? - როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, დასავლეთი უკრაინას დაეხმარება, რომ იომოს, ხოლო რუსეთს მძლავრ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.

„დასავლეთი დაეხმარება უკრაინას რომ მან იომოს და მეორე, რუსეთს ძალიან ძლიერ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, რის წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთს გაუჭირდება. რუსეთი ახლა საკუთარ  ხაფანგში მოაქცია და  დასავლეთი ცდილობს, მოლაპარაკებებით, ის ხაფანგიდან გამოიყვანოს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

განვითარებული პროცესების ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის არ ემზადება. განსხვავებულად ფიქრობს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც აღნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრაზე წავა. აღსანიშნავია, რომ ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის მორიგი რაუნდი პარასკევს გაიმართება, რომელიც, სავარაუდოდ, ომის დაწყება-არდაწყების ბედს გადაწყვეტს.