რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ომს რუსი სამხედროები ემსხვერპლნენ

უკრაინა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ომს რუსი სამხედროები ემსხვერპლნენ.

რუსული მედიის ცნობით, თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ რუს სამხედროებს შორის არიან მოკლულები და დაჭრილები, თუმცა სამინისტროს მსხვერპლთა და დაშავებულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

"სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს რუს სამხედროებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსული მხარე აცხადებდა, რომ შეტაკებების დროს არცერთი რუსი ჯარისკაცი არ დაღუპულა.  

ისინი ამ განცხადებას აკეთებდნენ უკრაინის მხარის მოთხოვნის პარალელურად, რომლებიც წითელ ჯვარს სთხოვდნენ დახმარებას გადაეყვანათ რამდენიმე ათასი გარდაცვლილი რუსი სამხედრო თავიანთ ქვეყანაში, რომლებიც ომს შეეწირნენ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომს ამ დრომდე სპეცოპერაციას უწოდებს.