რუსეთი შესაძლოა, თავად ამზადებდეს შეტევას ბელგოროდის ოლქზე - ISW

ISW

კრემლი სავარაუდოდ, ამზადებს საინფორმაციო ფონს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე „უცხო დროშით“ შეტევისთვის. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს. ცენტრის ექსპერტები რუსეთის განზრახვის მიზნად ასახელებენ უკრაინაში ომის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის დაბრუნებას.

ამერიკელი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ კრემლის პროპაგანდისტების განცხადებებზე, რომ უკრაინის სამხედრო ძალებს ბელგოროდის ოლქში შეჭრა სურთ და რუსი სამხედრო ბლოგერების მოწოდებებზე, რომ რუსეთმა კონტროლი უნდა დაიბრუნოს ბელგოროდის ოლქის მოსაზღვრე ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე, რათა მინიმუმამდე შემცირდეს უკრაინის მხრიდან თავდასხმის საფრთხე.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი რუსეთის განცხადებებს ბელგოროდის ოლქზე უკრაინის შესაძლო თავდასხმის შესახებ, აბსურდულს უწოდებს. ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, რუსეთი ცდილობს ფართო საზოგადოება დააშინოს და ომის მხარდაჭერა აიძულოს. ამერიკელი ექსპერტების თანახმად, უკრაინას რუსეთში შეჭრის არც სტრატეგიული ინტერესი აქვს და არც ამ მასშტაბის შესაძლებლობა.