რუსეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით განიხილოს ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს და ადგილზე არსებულ ვითარებას - მარია ზახაროვა

მარია ზახაროვა

რუსეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით განიხილოს ნებისმიერი რეალისტური სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს და ადგილზე არსებულ ვითარებას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის.

„ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი რეალისტური, არაპოლიტიზებული ინიციატივა“, – განაცხადა ზახაროვამ.

როგორც მარია ზახაროვამ აღნიშნა, რუსეთი განიხილავს მხოლოდ ისეთ მოლაპარაკებას, რომელიც დაფუძნებული იქნება მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებაზე.

„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: საკვანძო სიტყვაა ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება, ადგილზე არსებული ვითარება და შესაბამისი შეთანხმებების შესრულების გარანტიები“, – აღნიშნა ზახაროვამ.