რუსეთი მზად არის, პატიმრების გაცვლა ვაშინგტონთან არსებული დიპლომატიური არხებით განიხილოს - სერგეი ლავროვი

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის პატიმრების გაცვლა ვაშინგტონთან არსებული დიპლომატიური არხებით განიხილოს.

„ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ იმ არხის ფარგლებში, რომელზეც პრეზიდენტები პუტინი და ბაიდენი შეთანხმდნენ. თუ ამერიკელები გადაწყვეტენ კიდევ ერთხელ მიმართონ სახალხო დიპლომატიას, ეს მათი საქმეა და მე ვიტყოდი, რომ ეს მათი პრობლემაა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

29 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

როგორც ბლინკენმა განაცხადა, მხარეებს შორის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი თემა რუსეთში დაკავებული ამერიკის ორი მოქალაქის დაბრუნებას ეხებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს კალათბურთის ვარსკვლავი ბრიტნი გრინერი, რომელსაც რუსეთის სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვისთვის.

რუსეთში დაკავებულ კალათბურთის ვარსკვლავ ბრიტნი გრინერს, რომლის სამშობლოში დაბრუნებაზე ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს, სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა27 ივლისს, ტელეკომპანია CNN-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს.