რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უკრაინელი სამხედროები დაღუპულთა სამარხებს ამ დრომდე პოულობენ. მოკლული სამხედროების ცხედრების ექსჰუმაცია მოხდა რუსეთის საზღვრიდან 10 კილომეტრის მოშორებით მდებარე დემეტეევკაში.

პარალელურად, გრძელდება კონტრშეტევა ტერიტორიების დაბრუნების მიზნით. გავრცელებული ცნობით, უკრაინის სამხედრო ნაწილები ქვეყნის სამხრეთით შეტევაზე გადავიდნენ და რუსეთის საოკუპაციო ძალების კუთვნილი საბრძოლო მასალის ხუთი საწყობი, ბაზა, შტაბი და სამეთაურო პუნქტი დაბომბეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა შვიდი დასახლებული პუნქტის მიმართულებით მოიგერიეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და შვიდი საავიაციო დარტყმა მიიტანა. რუსეთის საოკუპაციო ძალების სამიზნე სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები გახდა.

დაბომბვის შედეგად უკრაინაში 35 დასახლებული პუნქტი დაზარალდა. საოკუპაციო ძალების მოგერიების ფონზე უკრაინელი სამხედროები კიდევ 4 ირანული „კამიკაძე დრონის“ ჩამოგდების შესახებაც იუწყებიან.