ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წევრობის შეჩერებას ითხოვს

ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი

ლიეტუვის პარლამენტის სპიკერი ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წევრობის შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

ჩმილიტე-ნილსენის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სამართლის უზენაესობის პრინციპის ხელყოფით რუსეთმა უხეშად დაარღვია ევროპის საბჭოს წესდება. ლიეტუვის პარლამენტის სპიკერმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე აგრესიაზე.

„მოვუწოდებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა საბჭოს ერთობლივად მიიღონ ზომები ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შესაჩერებლად. რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ ისეთი ქვეყნისთვის, როგორადაც ის იქცა, დემოკრატიის დამცველ ორგანიზაციებში ადგილი არაა“, - განაცხადა ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა.