ჯო ბაიდენი: უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობა ისევ არსებობს

ჯო ბაიდენი

უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობა ისევ არსებობს - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ 150 ათასზე მეტი რუსი სამხედრო კვლავ სახიფათო პოზიციებზე რჩება. უცვლელია ჯო ბაიდენის პოზიციაც. მისი განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრას დასავლეთისგან გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია უწყვეტ დიპლომატიურ პროცესშია ჩართული, NATO კი თავისი პრინციპების დათმობას არ აპირებს.

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

„ნამდვილად უბრუნდება თუ არა რუსეთის ჯარები თავიანთ ბაზებს, ჯერ არ დაგვიზუსტებია. ჩვენი ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ისინი საკმაოდ სახიფათო პოზიციებზე რჩებიან. ფაქტი რჩება: ახლა რუსეთს 150 ათასზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული უკრაინის საზღვართან და შეჭრა შესაძლებელი რჩება, ამიტომაც მოვუწოდე რამდენჯერმე უკრაინაში მყოფ ამერიკელებს, ქვეყანა დატოვონ ახლავე, სანამ გვიანი არ იქნება უსაფრთხოდ დატოვებისთვის. ამიტომაც გადავიტანეთ კიევიდან ლვოვში ჩვენი საელჩო დროებით",- განაცხადა ბაიდენმა.