ილონ მასკმა თინეიჯერს „ტვიტერის“ წაშლის სანაცვლოდ $5000 შესთავაზა - ნახეთ, როგორ მოიქცა ახალგაზრდა

მასკი

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა 19 წლის ფლორიდელ ჯეკ სუინის 5000 $ შესთავაზა, სანაცვლოდ კი ახალგაზრდას „ტვიტერზე“ საკუთარი ანგარიში უნდა წაეშალა, რომლითაც ის მილიარდერის კერძო თვითმფრინავს აკონტროლებდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ცნობით, „ილონჯეტს“ "ტვიტერზე" 150 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და იყენებს ბოტს, რომელიც 19 წლის სუინიმ მასკის ფრენების მონიტორინგისთვის შექმნა. სწორედ ამ მონიტორინგის საფუძველზე, „ტვიტერზე“ ეტაპობრივად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და სად აფრინდება ან დაეშვება თვითმფრინავი და, ასევე, რა არის თითოეული რეისის ხანგრძლივობა.

მასკმა ჯეკ სუინის „გართობის“ შესახებ პირველად, დაახლოებით, ორი თვის წინ შეიტყო: 30 ნოემბერს მილიარდერმა თინეიჯერს პროტოკოლის სრული დაცვით სთხოვა, შეეწყვიტა კონტროლი, რადგან ჯეტის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგებოდა. როგორც ჩანს, ამ თხოვნამ დიდად შედეგი არ გამოიღო. სწორედ ამიტომ, Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოზარდს საბოლოოდ 5000 აშშ დოლარი შესთავაზა იმაში, რომ მასკის თქმით, „გიჟებს მისი ფრენებისთვის თვალყური არ ედევნებინათ“. ამ მნიშვნელოვანი დავალების თუ თხოვნის შესასრულდებლად, სუინიმ 50,000 მოითხოვა და იქვე დასძინა, რომ თანხას კოლეჯისთვის გამოიყენებდა და შესაძლოა,Tesla-ს მოდელი 3-იც შეეძინა.

CNN-ის ცნობითვე, ორ მხარეს შორის ბოლო კომუნიკაცია გასულ კვირას შედგა, რა დროსაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ “ამხელა თანხის გადახდა, მისი აზრით, სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა”.

ანაზღაურების გარდა, ჯეკ სუინიმ მოლაპარაკების სხვა, შესაძლო ვარიანტად SpaceX-ში სტაჟირების გავლის შესაძლებლობაც განიხილა, რომელზეც მილიარდერისგან, ჯერჯერობით, პასუხი არ მიუღია.