1742283259
ევროპის მასშტაბით აშშ-ს 63,240 ჯარისკაცია დისლოცირებული

რუსეთ-უკრაინის საზღვართან კვლავ დაძაბული ვითარებაა. იმ შემთხვევაში თუ კიევის მიმართ რუსეთის აგრესია გაიზრდება და მოსკოვი სამხედრო ინტერვენციას დაიწყებს, ევროპაში დისლოცირებული 64 000 ამერიკელი ჯარისკაცი მზადაა უკრაინის დასახმარებლად კონტინენტის აღმოსავლეთ ფლანგზე განთავსდეს.
პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დავალებით, თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სამხედროების მზადყოფნის განკარგულება უკვე გასცა.
პენტაგონის წარმომადგენლის განმარტებით, მზადყოფნაში მოყვანილი სამხედროების უმეტესმა ნაწილმა საჭიროების შემთხვევაში უნდა გააძლიეროს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები, თუმცა ამას გარდა, კირბის თქმით, ლოიდ ოსტინს სურს, მზად იყვნენ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი გარემოებისათვის.
პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების ოჯახებს, რუსეთის შესაძლო შეჭრის შემთხვევაში, ქვეყნის დატოვების მითითება მისცა.
ამასთან, ჯონ კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკელი სამხედრო დანაყოფების გაგზავნის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
„აშშ-მა გადადგა ნაბიჯები, რათა გაზარდოს თავისი ძალების მზადყოფნა როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ, რათა ისინი მზად იყვნენ, უპასუხონ გაუთვალისწინებელი გარემოებების რიგს," – განაცხადა კირბიმ.
პენტაგონის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები ალიანსის წევრი ქვეყნების 40 000-მდე სამხედროს აერთიანებს.
რაც შეეხება, ევროპაში დისლოცირებული ამერიკელი ჯარისკაცების განლაგებას ქვეყნების მიხედვით, ასე გამოიყურება:
ევროპის მასშტაბით აშშ-ს 63,240 ჯარისკაცია დისლოცირებული:
გერმანია |
33, 468 |
იტალია |
12, 436 |
საბერძნეთი |
429 |
გაერთიანებული სამეფო |
9, 576 |
ნიდერლანდები |
422 |
ესპანეთი |
3 234 |
პოლონეთი |
167 |
რუმინეთი |
132 |
ნორვეგია |
81 |
უნგრეთი |
77 |
საფრანგეთი |
75 |
ბელგია |
1, 143 |