ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სანქციების დაწესებამდე რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შანსი უნდა მიეცეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთს მძიმე სანქციების თავიდან ასარიდებლად მოუწოდებს დიპლომატიის გზა აირჩიოს.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე სანქციები არ ამოქმედდება. სანქციები დაწესდება ყველა საქონელზე, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს და რომელიც რუსეთს ესაჭიროება თავისი ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის.

სანქციებზე გადასვლა იმდენად დიდი და შედეგიანია, რომ ვიცით, ყოველთვის უნდა მივცეთ რუსეთს დიპლომატიისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შანსი. ეს ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა",- აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

რა ხდება მოკლედ

რუსეთ-უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 18 თებერვლის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, რუსეთი ამას მომდევნო კვირაში გააკეთებს, მიზანში კი დედაქალაქს, კიევს ამოიღებს.

17 თებერვალს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.

აშშ და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნები უკრაინას სამხედრო ტექნიკით, აღჭურვილობით და ტყვია-წამლით ეხმარებიან. გარდა ამისა, რუსეთს "არნახული" ეკონომიკური სანქციები ემუქრება აშშ-ის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.

აშშ-მ და ნატომ რუსეთთან დიალოგი სცადეს. რუსეთის წარმომადგენლები კვლავ ქვეყნის მოთხოვნებს იმეორებენ და ამბობენ, რომ თუ დასავლეთი ამას არ გაითვალისწინებს, შეთანხმება ვერ შედგება. დასავლეთი კი რუსეთის მოთხოვნებს არ ეთანხმება და არც მათ გათვალისწინებას აპირებს.