დუმამ „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებთან“ თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებებს მხარი დაუჭირა

duma

22 თებერვალს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რუსეთსა და დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს შორის „მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულებებს.

გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი 400-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე "რესპუბლიკასთან" მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია.

პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“

ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ცნობის შესახებ ხელმოწერილ ბრძანებულებაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „მშვიდობის დასაცავად“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავალებს, რომ შეიყვანოს ჯარი აღნიშნულ ტერიტორიაზე.

გადაწყვეტილება „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ უკანონო რეჟიმების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ დაგმეს ნატომ, ევროკავშირმა და ვაშინგტონმა.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით სანქციების დაწესების განკარგულებას მოაწერა ხელი.

სანქციები კრძალავს აშშ-ის წარმომადგენლების ახალ ინვესტიციებსა და ფინანსურ საქმიანობას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიებიდან ნებისმიერი საქონლის, მომსახურების ან ტექნოლოგიების აშშ-ში იმპორტს და საქონლის, მომსახურების ან ტექნოლოგიების პირდაპირ ან არაპირდაპირ ექსპორტს აშშ-დან რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.