1773348202
„დასავლეთმა რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში სახე ვერ შეინარჩუნა“ – მამუკა არეშიძე
რუსეთი უკრაინის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას აგრძელებს - უკვე მეორე დღეა, რაც ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, უკრაინა იბომბება და ამ ფაქტს ასეულობით უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე ეწირება. შექმნილი ვითარების ფონზე, დასავლეთი ნაცადი ხერხით - სანქციებით იმუქრება, რაც რუსეთს, ბუნებრივია, არ აშინებს.
რა შეუძლია და რას აკეთებს დასავლეთი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში
როგორც კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რუსეთს დასავლეთმა ჩადენილ დანაშაულზე პასუხი შესაბამისად უნდა აგებინოს და არა მხოლოდ ეკონომიკური და პერსონალური სანქციებით, რომლებიც მხოლოდ ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით, შეასრულებს საკუთარ ფუნქციას.
„ჩვენ, ჯერჯერობით, არ ვიცით დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მთლიანი პაკეტი. ის ეკონომიკური სანქციები, რომლებიც დაწესდა, ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით, თავის როლს შეასრულებს, ხანმოკლე პერსპექტივის თვალსაზრისით კი - არა. რუსეთზე სანქციები არ მოქმედებს, ის საკუთარი მიზნის შესრულებას ბოლომდე ინდომებს. მისი მიზანია, უკრაინა საბოლოოდ ჩაიხსნას დასავლეთის ინტერესების სფეროდან.
შეიძლება, სამომავლოდ დასავლეთმა რევანში აუღოს რუსეთს, მაგრამ დღეს დასავლეთმა რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში სახე ვერ შეინარჩუნა. თუ რუსეთმა აიღო კიევი და იქ ხელისუფლება შეიცვალა, მაშინ დასავლეთის სახის შენარჩუნება აღარ გამოუვა. ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ რუსეთზე დასავლეთის ზეწოლა იმდენად ძლიერი იქნებოდა, რომ რუსეთი ამ ქმედებებს ვეღარ გაბედავდა.
დასავლეთმა ძალიან კარგად იცოდა, რა ნაბიჯებს გადადგამდა რუსეთი. ახლა ზელენსკი აქტიურად დგას იმ პოზიციაზე, რომელიც მან აირჩია. მას, როგორც მთავარსარდალს, რთული მემკვიდრეობა დახვდა, უკრაინის ტერიტორიების გარკვეული სივრცეები მისი გაპრეზიდენტების დროსაც დაუცველი იყო“,- განაცხადა არეშიძემ.
რა როლი აქვს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში
როგორც არეშიძე აცხადებს, ახლა საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება. ის დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, რუსეთის უფერო მკაცრად მიუდგენენ.
„საქართველოს დანგრევას ბევრი წვალება არ უნდა. საქართველო არის სუსტი ქვეყანა, რომლის ხელში აღება მარტივია, დასავლეთ ასეთი მოუქნელობის შემთხვევაში. ასეთ ვითარებაში, ჩვენ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ და რუსეთს არ უნდა დავუწვეთ. ახლა დასავლეთთან უფრო ხმამაღალი ლაპარაკის გარკვეული შასი გვეძლევა, აქ რომ ჩამოდიან და ჭკუას გვარიგებენ, ჩვენ ჩავიდეთ ახლა იქ და დავარიგოთ ჭკუა. ჩვენ დასავლური ვექტორი არ უნდა შევცვალოთ, მაგრამ თუ უკრაინა დამარცხდა, ჩვენ იძულებულები ვართ, დასავლეთს სერიოზული პრეტენზიები წავუყენოთ“,- განაცხადა არეშიძემ.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საკონტროლო პუნქტებზე სარაკეტო იერიშის მიტანის გადაწყვეტილება მიიღო.










