ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინის ფრონტზე მძიმე ვითარებაა

ჯონ ჰილი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზზე მძიმე მდგომარეობაა.

მისი თქმით, ფრონტის ხაზი ახლა ყველაზე ნაკლებად სტაბილურია, ვიდრე ოდესმე, 2022 წლის შემდეგ. როგორც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკაფიო ესკალაციას ეწევა.

ჰილის განმარტებით, რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშები გახშირდა.

„დღეს სამხედრო დაზვერვა გვიჩვენებს, რომ ფრონტის ხაზი ყველაზე ნაკლებად სტაბილურია, ვიდრე ოდესმე, 2022 წლის 24 თებერვლის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. უკანასკნელ კვირებში ჩვენ პუტინისა და მისი ძალების მხრიდან ძალიან ნათელ ესკალაციას ვხედავთ“, - აღნიშნა ჰილიმ.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს დეპუტატებმა აგრეთვე ჰკითხეს, შეუძლია თუ არა მას დაადასტუროს, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow ტიპის რაკეტებით დაბომბა, რაზეც მან უპასუხა, რომ ბრიტანეთი აძლიერებს და აორმაგებს უკრაინის მხარდაჭერას.