Bloomberg: რუსეთში დეფოლტი, სავარაუდოდ, აპრილში გამოცხადდება

დეფოლტი

აპრილის შუა რიცხვებისთვის რუსეთი, შესაძლოა, დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეს. მსგავს პროგნოზს ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ის წარმომადგენელი, საიმონ ვეივერი აკეთებს. 

როგორც საიმონ ვეივერი ამბობს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის საგარეო ვალის გადახდის შანსები მცირდება, რადგან ობლიგაციების ფასები ეცემა და ქვეყანას რეცესია ემუქრება.

„ჩვენ ვხედავთ დეფოლტს, როგორც ყველაზე სავარაუდო სცენარს. დეფოლტი შეიძლება 15 აპრილს მოხდეს. ეს არ იქნება ჩვეულებრივი დეფოლტი და სავარაუდოდ, ის ვენესუელის მსგავსი იქნება“, – ამბობს Morgan Stanley-ის წარმომადგენელი. 


დეფოლტი (ინგლისურად default) აღებული ვალების ვერ-ან არდაბრუნებას ნიშნავს. ტერმინი დეფოლტი გამოიყენება მაშინაც, როცა შესაძლოა, მოვალეს ვალის გადახდაზე სრულად არ უთქვამს უარი, მაგრამ დროებით ვალის მომსახურება არ შეუძლია, ვერ ფარავს დარიცხულ მიმდინარე პროცენტს და ვალის ძირის წილს.

როდესაც ქვეყანა დეფოლტს აცხადებს, ანუ ვალს ვეღარ იხდის, მისი საკრედიტო რეიტინგი მინიმუმამდე ეცემა, ქვეყანა საინვესტიციო მიმზიდველობას სრულად კარგავს და კაპიტალი, შემოდინების ნაცვლად, გადინებას იწყებს. ქვეყანას უჭირს ახალი ვალების აღება, აღარ აძლევენ ან თუ აძლევენ, მნიშვნელოვნად ამაღლებული საპროცენტო განაკვეთით. ქვეყნის დეფოლტი ხშირად ეკონომიკური კრიზისით არის გამოწვეული, ან თავად იწვევს ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს, არსებულ ეკონომიკურ კრიზისს კი აღრმავებს. დეფოლტის დროს შესაძლოა, ქვეყნის გარკვეული აქტივების კონფისკაციაც მოხდეს, პირველ რიგში ეს ეხება დეფოლტში მყოფი ქვეყნის უცხოურ აქტივებს.

ბოლო 7 წელიწადში დეფოლტი შემდეგმა ქვეყნებმა განიცადეს: ლიბანი და არგენტინა (2020 წელი), ბარბადოსი (2018), ვენესუელა (2017) და საბერძნეთი (2015).