VIDEO: რა მოხდა საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ „დინამო არენაზე“
1742745694
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგ განსაზღავრულ სანქციების განკარულებას ხელი მოაწერა.
თეთრი სახლის თანახმად, ხელმოწერილი განკარგულება კრძალავს ე.წ. „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ აშშ-ის მოქალაქეების მიერ ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციების განხორციელებას, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტს.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, პრეზიდენტ პუტინის ქმედების საპასუხოდ ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებელ" სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. პრეზიდენტ პუტინის ქმედება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ რუსეთის ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ ეს განკარგულება განსხვავდება იმ სწრაფი და მკაცრი ეკონომიკური ზომებისგან, რომლებსაც აშშ მოკავშირეებთან ერთად მიიღებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.
„ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს უკრაინასთან, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შემდეგი ნაბიჯების თაობაზე და მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ,“- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
რა მოხდა 21 თებერვალს - მოკლედ:
ვლადიმერ პუტინმა, მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებული რეგიონები "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა, უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები გაგზავნა, მოტივად კი ისევ "სამშვიდობო მისია" დაასახელა. შესაბამისი დადგენილებები უკვე გამოქვეყნდა.
პუტინი ბრძანებაში ამტკიცებს, თითქოს უკრაინის ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა" კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირებისა და მინსკის შეთანხმების გათვალისწინებით აღიარა. ამას წერს ოფიციალურ დოკუმენტში რუსეთის პრეზიდენტი მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით მან როგორც მინსკის შეთანხმება, ასევე, საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, დონეცკისა და ლუგანსკის "მთავრობებთან" მოამზადოს მეგობრობის და ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმება. პუტინის ბრძანების მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის "მმართველების" მიმართვის საფუძველზე, შეთანხმების დადებამდე "სამშვიდობო მისიით" გაგაზავნიან ჯარებს.
პუტინის ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, რაც უკვე მოხდა. უკრაინული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დონეცკში სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება.